შეწყალების საქმე და პოლიტპატიმართა სიის გამოძიება, სავარაუდოდ, გაერთიანდება

ზვიად კუპრავა
რუსთავი 2

მთავარ პროკურატურაში სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას დაკითხვა დასრულდა. როგორც კუპრავამ უწყების შენობის დატოვების შემდეგ თქვა, ე.წ. შეწყალების საქმეზე და პოლიტპატიმართა სიასთან დაკავშირებული გამოძიებები, სავარაუდოდ, გაერთიანდება.

კუპრავას დაკითხვა ეხებოდა პოლიტპატიმართა სიაში, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების შეყვანას, რომელთაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონიათ.

"ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შევიტანეთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი ბესელიას, კობახიძის, ტურავას, გვენეტაძის და პოლიტპატიმართა სიის შემდგენი კომისიის სხვა წევრების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები და მსჯავრდებულები იყვნენ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; ადამიანები, რომლებსაც საერთოდ მონაწილეობა არ მიუღიათ არცერთ პოლიტიკურ პროცესში. მიუხედავად ამისა, ისინი მოხვდნენ პოლიტპატიმართა სიაში. მაგალითად, ამ სიაში არის ზურაბ შალიკიანი, რომელსაც არავითარი პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია, არის კრიმინალური ავტორიტეტი, მიუხედავად ამისა, ადამიანი, რომელიც იჯდა მკვლელობის ბრალდებით, მოხვდა პოლიტპატიმართა სიაში და დარჩენილი 17 წლის მიუხედავად, დატოვა საპყრობილე", - ამბობს კუპრავა.

რაც შეეხება ე.წ. შეწყალების საქმეს, გამოძიება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყო. მისი თქმით, პოსტზე ყოფნისას ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და აიძულებდნენ კონკრეტული პირები შესაწყალებელ სიაში ჩაესვა. ბრალდებებს უარყოფენ დეპუტატები.

კომენტარები