ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. მოქალაქეებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავითბაქრაძემ მიმართა. მისი თქმით, "თუ მოვინდომებთ, ერთად ვიქნებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით, 2016 წელი აუცილებლად იქნება ჩვენი გამარჯვების წელი". ბაქრაძის თქმით, მოსახლეობამდე უნდა მიიტანონ, რომ ენმ-ს შეუძლია, ქვეყანაში დააბრუნოს განვითარების და წინსვლის განცდა.
"კიდევ ერთი რთული წელი გავიარეთ, კიდევ ერთ რთულ წელს გავუძელით ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და ჩვენმა ხალხმაც. სამწუხაროდ, ამ წელიწადშიც მრავლად იყო პრობლემები და სირთულეები - გაიზარდა გაჭირვება, უმუშევრობა, სიღარიბე, ლარი გაუფასურდა, ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ნამდვილად არ იყო გასახარი და რასაც დიდი სიამოვნებით ჩავაბარებთ ისტორიას 2015 წელთან ერთად. მაგრამ წინ არის ახალი წელი, ახალი წელი ყოველთვის უკავშირდება ახალ იმედებს და ახალ გეგმებს, დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება იმედი, გვჭირდება ახალი გეგმები და გვჭირდება რწმენა, რომ ახალი წელი იქნება გამარჯვების წელი. 2016 წელს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ უმნიშვნელოვანესი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვინდომებთ, ერთად ვიქნებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით, 2016 წელი აუცილებლად იქნება ჩვენი გამარჯვების წელი, ამის ყველა წინაპირობა არსებობს, მე ეს მჯერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გამარჯვება დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე - უნდა ვიშრომოთ, ვიმუშაოთ, დავუბრუნოთ ხალხს ჩვენი რწმენა და დავანახოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს დამშვიდებას და სიწყნარეს, რომელიც შეწყვეტს ანგარიშსწორებას და პოლიტიკურ რევანშს, რომელსაც ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია წარსულიდან სწორი დასკვნების გამოატანა, რომელსაც აქვს კონკრეტული ეკონომიკური განვითარების პროგრამა. პროგრამა, რომელიც თითოეულ ოჯახში შეიტანს მეტ კეთილდღეობას, პროგრამა, რომელიც ემყარება პენსიების 50-ლარიან ზრდას, ეკონომიკის დეკრიმინალიზაციას, გადასახადების დაწევას, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში დააბრუნოს განვითარების და წინსვლის განცდა. ეს უნდა მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე, დარწმუნებული ვარ, თუ ამას მოვახერხებთ, 2016 წელი აუცილებლად იქნება გამარჯვების წელი და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება და ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც სურს, საქართველო იყოს განვითარებული ქვეყანა, რომელიც მიდის წინ, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანა, სადაც ადამიანები, ოჯახები, ყოველ წელს ცხოვრობენ უკეთესად. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, ჩვენი მიზანი 2016 წელს და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ. გილოცავთ ყველას, სიკეთეს, მშვიდობას, სიმშვიდეს, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ. 2017 წელი მომელოცოს როგორც გამარჯვებული პარტიის წევრების, გულშემატკივრების და მხარდამჭერებისთვის" - განაცხადა ბაქრაძემ.





