პრემიერის მილოცვა

პრემიერი: საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას". პრემიერმინისტრი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

"ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალეობას. განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ახალ წელს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზებს და ოსებსაც მიმართა.

"მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი. 2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ახალგაზრდებს. 2016 წელი თქვენი წარმატებების წელი იქნება. თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ თქვენს ყველა წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით. მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენგანის წარმატებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, "საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე. ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს,  ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ".

კომენტარები