საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

კარასინი: მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ

euractiv.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა RIA NOVOSTI-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, დაიწყოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობა. კარასინის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ საქართველო რუსეთისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებას მოითხოვს, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. 

"დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესიული ქმედებები. რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც ხელი შეუწყო ამ კონფლიქტის დასრულებას, დამოუკიდებლად აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. შემდეგ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ამ რეჟიმში ვცხოვრობთ ახლაც. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა ქართული მხარე ამ პირობაზე გვპასუხობს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც რუსეთი უკან წაიღებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას", - ამბობს კარასინი. 

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 23 დეკემბრიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების გამარტივებული წესები ამოქმედდა.

კომენტარები