მთავარი პროკურატურა

პროკურატურის მრჩეველს ბრალი სსკ-ის სამი მუხლით წარუდგინეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განმარტებით, პროკურატურის მრჩევლის გიორგი ინწკირველის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. წარდგენილი ბრალდება 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი ინწკირველი გუშინ გვიან საღამოს დააკავეს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულის სახით დააკავა საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი. მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე - დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და 151-ე მუხლით (მუქარა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები