პატიმრების შეწყალება

კობახიძე: დიახ, ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ვითხოვდი

მანანა კობახიძე
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. ამის შესახებ მან გაზეთ კვირის პალიტრასთან ისაუბრა. როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

"მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და, ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო", - ამბობს კობახიძე.

კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა, შეწყალების კომისიაში გაგზავნილი განცხადების ბედთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილისთვის დაერეკა, თუმცა, მისივე განმარტებით, "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა" ჰქონდა.

"ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული", - აღნიშნავს პარლამენტის ვიცესპიკერი.

კობახიძე ითხოვს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაკითხოს.

"როგორც ჩანს, ელისაშვილისთვის წარმოუდგენელია დეპუტატი კანონიდან გამომდინარე მოქმედებდეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს. მათ უნდათ, ტალახი ესროლონ ადამიანებს. ჰკითხონ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ვის გადაუხადეს თანხა, ეს მანანა კობახიძე ნამდვილად არ ყოფილა. თუ ვიღაცას უნდა, რომ არ დავიცვა პატიმრების უფლებები, მაშინ მანდატი უნდა დავტოვო. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, პროკურატურისგანაც მოვითხოვ, რომ აუცილებლად დამკითხონ", - აღნიშნავს კობახიძე.

გაზეთ კვირის პალიტრის ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.

როგორც კვირის პალიტრა წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.

გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

კომენტარები