მარგველაშვილის ვიზიტი თურქმენეთში

პრეზიდენტი: საქართველოს ევროინტეგრაცია სარგებელს პარტნიორ ქვეყნებსაც მოუტანს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაცია / საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაცია


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში, თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე 2015 წელი დასასრულს უახლოვდება. ომმა სირიაში, ავღანეთში, ტერორისტულმა თავდასხმებმა პარიზში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში, ასევე რუსეთის აგრესიამ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და გადაუჭრელმა კონფლიქტებმა აღმოსავლეთ ევროპაში - მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, 2016 წლისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები გამოკვეთა. 

„ მაშინ როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, ჩვენ კვლავ ვახერხებთ ვიყოთ NATO-ს არაწევრი სახელმწიფოებიდან უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ავღანეთში. ჩვენი საერთო ძალა ინტენსიურ თანამშრომლობაში, პოტენციალში, შესაძლებლობებსა და განვითარებაშია. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურული, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენგანისათვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 პრეზიდენტის განცხადებით, კავკასიის რეგიონი არის საკვანძო რეგიონი, ახალი "აბრეშუმის გზის" განვითარებისათვის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„გარწმუნებთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ყოველი ჩვენგანისათვის ახალ შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივას ხსნის. ეს ხელშეკრულება განსაკუთრებული მნიშვენლობისაა საქართველოს ეკონომიკისათვის და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისათვის. ის წაახალისებს ბიზნეს და საქმიან კონტაქტებს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და წაახალისებს ადგილობრივ ინვესტორებს.“ -ამბობს მარგველაშვილი. [პრეზიდენტის ადმინიტრაციის თარგმანი]

 

 

 

კომენტარები