უსუფაშვილი: სწორი არ იქნება, რომ გაზპრომთან ურთიერთობა გავწყვიტოთ

გაზპრომი ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში. მთავრობას გაზპრომი დაგვხვდა საქართველოში. იგი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლებზე. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს მკაფიო პოზიცია: საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ ენერგოსაკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით. ამ საკითხში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, ვართ ამ პრინციპის და ხაზის გამგრძელებელი და არანაირი ფორმით და პროპორციით არ ვაპირებთ, გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაშინ, როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული ვერსიები. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს, ან სწორი იქნება, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა იგივე გაზპრომთან, რომელიც დაგვხვდა, ჩვენ არ მოგვიყვანია. ახლა რომ იდგეს საკითხი, გავაკეთოთ თუ არა ეს, შეიძლება იყოს ერთი პოზიცია, მაგრამ როდესაც ფუნქციონირებადი გაზსადენია, ორივე ქვეყნის თემა უნდა გავითვალისწინოთ და ერთ ქვეყანასთან თუ პრობლემა გვაქვს, მეორესთანაც არ უნდა გავიჩინოთ იმით, რომ შეფერხდეს მისთვის გაზის მიწოდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კომენტარები