თბილისის მიკროავტობუსის მძღოლისთვის საახალწლო ასაფეთქებლით თვალის დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მიმდინარეობს. ბრალდებული არასრულწლოვანი არ არის.
თბილისის მიკროავტობუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მძღოლი სახლში გაწერეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ მან მხედველობა დაკარგოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ცალ თვალში მხედველობას დაკარგავს და მძღოლად მუშაობას ვეღარ შეძლებს, კომპანია მას ალტერნატიულ პოზიციაზე დაასაქმებს.
თბილისის მიკროავტობუსის ინფორმაციით, შაბათ საღამოს, 192 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა რამდენიმე ახალგაზრდას გაუჩერა, მათ კი საახალწლო ასაფეთქებლები სახეში შეაყარეს, რომელთაგან ერთი თვალის მიდამოში აუფეთქდა.





