თურქეთი-რუსეთი

პუტინი: ეს შემთხვევა ტერორისტების თანამზრახველების მიერ ჩვენს ზურგში დარტყმაა

Reuters

თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "ზურგში დარტყმას" უწოდებს. ის ამბობს, რომ შემთხვევა ტერორისტების თანამზრახველებმა განახორციელეს. პუტინის თქმით, მომხდარი თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს.

"ეს შემთხვევა ტერორიზმთან ბრძოლის ნორმალური ჩარჩოდან გადის. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ გმირულად იბრძვიან, მაგრამ დღევანდელი დანაკარგი არის ზურგში დარტყმა, რომელიც ტერორისტების თანამზრახველებმა განახორციელეს. სხვანაირად არ შემიძლია, აღვწერო. ჩვენი თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს თურქული F-16-ით. ის ჩამოვარდა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით. თურქეთისთვის ჩვენი პილოტები და თვითმფრინავი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ეს აშკარაა. ჩვენი სამხედროები ებრძვიან ტერორისტებს სირიის ჩრდილოეთით, ლატაკიაში.

ყველაფერს გავაანალიზებთ, დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევას ექნება მნიშვნელოვანი შედეგი, რაც, მათ შორის, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე აისახება. თურქეთს ყოველთვის ვთვლიდით მეგობარ სახელმწიფოდ. არ ვიცი, დღევანდელი შემთხვევით ვინ იყო დაინტერესებული, ჩვენ ნამდვილად არა. და იმის ნაცვლად, რომ თურქული მხარე ჩვენ დაგვკავშირებოდა დაუყოვნებლივ, NATO-ს მოკავშირეეებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და არა მათ ჩვენი.

სურთ, რომ NATO ISIS-ს ემსახუროს? გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგიონული ინტერესები აქვს და ამას ყოველთვის პატივს ვცემდით, მაგრამ ასეთ კრიმინალურ შემთხვევებს ჩვენ არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იპოვის ძალას, რომ ერთად ვებრძოლოთ ბოროტებას", - თქვა პუტინმა.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, NATO აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თურქეთის ხელისუფლებასთან მუდმივ კავშირშია. როგორც ცნობილია, თურქეთი ალიანსის წევრია. BBC-ის ინფორმაციით, თბილისის დროით, 20:00 საათზე ბრიუსელში ელჩების სპეციალური სხდომა გაიმართება. AFP-ის ცნობით, სხდომაზე თურქული მხარე მოკავშირეებს ინციდენტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

დღეს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-24 ჩამოაგდო. ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ პილოტებს ჩამოგდებამდე რამდენჯერმე შეატყობინეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. უწყების ცნობით, პილოტებმა ბორტის დატოვება წარმატებით შეძლეს.

კომენტარები