თურქეთი-რუსეთი

თურქეთი S-400-ის სარაკეტო სისტემის გამართვაზე მომუშავე რუს ექსპერტებს უკან, რუსეთში გაგზავნის

Sergei Malgavko / TASS

თურქეთი რუს სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც თურქეთს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400-ის მართვაში ეხმარებოდნენ, უკან რუსეთში გაგზავნის. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, თურქეთის ეს ნაბიჯი გზავნილია ბაიდენისთვის და აჩვენებს კომპრომისისთვის თურქეთის მზაობას, თუმცა ანკარა S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უარს არ იტყვის. 

ვაშინგტონის თქმით, თურქეთმა უნდა შეწყვიტოს თანამშრომლობა რუს პერსონალთან, რომელიც თურქეთში იმყოფება და S-400 სისტემის გამართვასა და გამოყენების წვრთნებში იღებს მონაწილეობას. თუმცა თურქეთი არ გეგმავს, შეასრულოს ვაშინგტონის მოთხოვნა სარაკეტო სისტემების რუსეთისთვის დაბრუნების შესახებ. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ექსპერტების რუსეთში დაბრუნების შემდეგ სარაკეტო სისტემა თურქეთის კონტროლქვეშ იქნება.

"S-400-ები 100%-ით ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება. ჩვენი ბევრი ტექნიკოსი გავგზავნეთ ტრენინგზე. რუსი სამხედრო ექსპერტები არ დარჩებიან თურქეთში" - ციტირებს ჩავუშოღლუს თურქეთის სამთავრობო მედია.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს ივლისში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრამდე ის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში ან ანკარაში შეხვდება.

ვაშინგტონის ცნობით, თურქეთის მიერ S-400-ის სარაკეტო სისტემების შესყიდვა NATO-ს თავდაცვას უქმნის საფრთხეს და პოტენციურად ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გამოაშკარავებას შეუწყობს ხელს. 

აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე უარყოფს, რომ სპეციალისტები რუსეთში დროზე ადრე დაბრუნდებიან.

"რუსი სპეციალისტები, რომლებიც S-400-ის კონტრაქტის ფარგლებში არიან თურქეთში, წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით დაბრუნდებიან" - თქვა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა ვალერია რეშეტნიკოვამ. რეშეტნიკოვას სიტყვები კრემლმაც დაადასტურა.

კომენტარები