საქართველოს იუსტიციის საბჭო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საბჭო თვლის, რომ ყველას აქვს უფლება, გამოხატოს კრიტიკული მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, დაუშვებელია სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ ისეთი განცხადებები, რაც შეიძლება აღიქვან მოსამართლეთა დაშინებად ან ზეწოლად. საბჭო მოუწოდებს სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს და მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიაჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან, მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ისევე მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას", - წერია განცხადებაში.
რუსთავი 2-ის საქმე
იუსტიციის საბჭო: თავი შეიკავეთ განცხადებებისგან, რაც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge




