რუმინეთი

რუმინეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

AFP

რუმინეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა. გუშინ მისი გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის დედაქალაქ ბუქარესტში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

აქცია პარასკევს ბუქარესტის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა. შემთხვევას 32 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა. დემონსტრანტები ვიქტორ პონტას კორუფციაში და უსაფრთხოების ზომების უხარისხოდ უზრუნველყოფაში სდებდნენ ბრალს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უსაფრთხოების დაცვის დაბალი ხარისხი კორუფციის გამო შეიქმნა, რაც ქვეყანაში დიდი ხნის პრობლემაა.

შეგახსენებთ, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ვიქტორ პონტას საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია. გადადგომის შემდეგ ვიქტორ პონტამ Romanian TV-სთან საუბარში განაცხადა: "იმედი მაქვს, მთავრობის გადადგომა დააკმაყოფილებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა".

კომენტარები