მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა. ნიჟარაძე ე.წ მოდულის შენობაში ხვალ, 12:00-ზე უნდა გამოცხადდეს. მას მოწმის სახით დაკითხავენ რუსულ სერვერებზე ატვირთულ უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, დღეს კიდევ ორი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მათში მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს და ნიკა გვარამიას ესაუბრება. გვარამიამ დღევანდელ ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ მის ავთენტიკურობას არ ადასტურებს, რადგან საუბარი არ არის უწყვეტი და დამონტაჟებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე გამოძიება 24 ოქტომბერს, სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. 29 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები გავრცელდა, რის გამოც, დაკითხეს გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. მათ დაკითხვის შემდეგ ტქვეს, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და დაკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრებენ.

კომენტარები