უსუფაშვილი: თუ მეურვეობაა დასაწესებელი სააკაშვილზე, ნუ განვიხილავთ ამ საკითხს

გუშინდელი ჩანაწერების შემდეგ დღეს ყველა ემიჯნება მას, გარდა თავად სააკაშვილისა. ყველა ამბობს, რომ, არა, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ე.ი. მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია მას არ ემორჩილება. თუ აღარ ემორჩილება, არ ვიცი, როგორ არის. პოლიტიკური მხარე ამ საქმის სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს მედია, რუსთავი 2. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდნენ მისი ხელმძღვანელობა თუ ჟურნალისტები, რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ. მე, პირველ რიგში, ის მაოცებს, რომ ყველა საუბრობს ამ საკითხზე, ამ თემაზე, გუშინაც, დღესაც, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეხება საკითხი, ვგულისხმობ კონკრეტულად ამ არხის დღევანდელ მეპატრონეებს. მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა დავა, ვიღაცები მას იცავენ, ვიღაცები ბარიკადების აშენებას გეგმავენ, ვიღაცები სხვანაირად გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში და ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან? თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი? თუ უკვე ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ალბათ რაღაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ბატონი ბაქრაძის ლიდერი სააკაშვილი ასე აზროვნებს და ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს? თუ გვეუბნებიან ამით, რომ მეურვეობაა დასაწესებელი მათ პოლიტიკურ ლიდერზე, რომ მან მსგავსი შეცდომები, რბილად რომ ვთქვა, არ დაუშვას, ნუ განვიხილავთ ამ საკითხს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

კომენტარები