რუსულ კომპანია reg.ru-ში ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დაუდასტურეს, რომ ინტერნეტ საიტის wikileaks.center-ს ისინი ემსახურებიან. wikileaks.center-ის მტკიცებით, მან მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა მოიპოვა.
wikileaks.center 4 თვის წინ არის რეგისტრირებული. საიტის აღწერაში მითითებულია, რომ ის უკრაინული ვიკილიქსია. თუმცა, ვებგვერდის ტექნიკურ მომსახურებას რუსული კომპანია reg.ru ახორციელებს. ამავე კომპანიის სერვერებზე ინახება ინფორმაცია, რომელსაც ვებგვერდი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აქვეყნებს.
Reg.ru-ს ოფისი მოსკოვში ვასილი პეტუშკოვის ქუჩაზე მდებარეობს. ის რუსეთში ჰოსტინგისა და დომეინების მომსახურების ერთერთ მსხვილ კომპანიად ითველება. რუსთავი 2-ს reg.ru-ს სათავო ოფისში უთხრეს, რომ wikileaks.center-ის მომსახურებას ისინი ახორციელებენ. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ისინი დამატებითი დეტალების დაზუსტებაზე უარს ამბობენ.
სწორედ ვებგვერდ wikileaks.center-ზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. ამ თემაზე ე.წ მოდულის შენობაში კითხავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანს გიგა ბოკერიას.
ბლოგმა გაავრცელა თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას "საუბრის სტენოგრამა" სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელწმიფო გადატრიალებას ამზადებს". საიტის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას შორის საუბარი სტამბულში ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შედგა.
ბლოგმა wikileaks.center-მა ზაფხულის მანძილზე თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი დიალოგების სტენოგრამები რამდენჯერმე გაავრცელა. ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, სააკაშვილი ორგანოებით ვაჭრობაშიც არის ჩართული. wikileaks.center-ი სოროსის ფონდის საქმიანობაზეც ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, უკრაინაში ნარკომაფიის საქმიანობა სოროსის ფონდთან არის დაკავშირებული.
უცნობია, რატომ შეიძლება ჩათვალოს კონტრდაზვერვის სამსახურმა საიტი სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების შესახებ გამოძიების დასაწყებად სანდო წყაროდ.





