რუსთავი 2-ის საქმე

ხოშტარია: არ მივცემ უფლებას ფიქტიურ სასამართლოს, აღასრულოს უკანონო ბრძანება

ტაბულა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ რუსთავი 2-ის დასაცავად. ხოშტარიამ რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე თქვა, რომ თავად ფიზიკურად დაიცავს ტელეკომპანიას. 

"იმ ემოციური მომენტის მიუხედავად, რომელიც არის აქ და მთელ ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს ემოციების აყოლის უფლება, ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ მომენტს და გამოვიყენოთ სასამართლო პროცესამდე დარჩენილი დრო იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ქვეყნისთვის ძალიან საზიანო მოვლენები. მე, როგორც ერთი მოქალაქე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ფიზიკურად დავიცავ რუსთავი ორს, არ მივცემ უფლებას ფიქტიურ სასამართლოს, რომ აღასრულოს უკანონო ბრძანება, აღვუდგები წინ ხალვაშს, იმის მიუხედავად, უკან გამომყვება სპეცრაზმი, პოლიცია თუ ნებისმიერი სახის ძალა. თუმცა, ეს არავისთვის სასურველი სცენარი არ არის. აქედან გამომდინარე, მივმართავ პრეზიდენტს, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით, ბევრი ძალისხმევა დააკლო თავისი იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც ჰქვია საქართველოში კონსტიტუციის და დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა. დღეს არ არის პოლიტიკური თამაშების, პირადი დისკომფორტების თუ სხვა რაიმე სხვა სახის შეზღუდვებით მოქმედების დრო. ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს მოქმედება განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. მივმართავ პრეზიდენტს, სასწრაფოდ ჩაერიოს ამ პროცესში ყველა თავისი რესურსით, მათ შორის, დიპკორპუსთან საგანგებო შეხვედრით და დააყენოს ეს საკითხი მთელი სიმწვავით. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომელიც ბოლო დროს გამოირჩევა ძალიან სამწუხარო განცხადებებით. მას მუდმივად გააჩნდა პრეტენზია დემოკრატიულობის დაცვაზე. მივმართავ, სასწრაფოდ ჩაერიოს ამ პროცესში, აღიკვეთოს ადამიანის შანტაჟი, ტელევიზიაზე ზეწოლა და დასრულდეს ეს ცირკი რუსთავი ორის წინააღმდეგ. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს - არ არის პროცედურების დაცვის დრო. დღეს 6 საათზე არ მთავრდება სამუშაო დღე. ხვალ ათ საათამდე დარჩენილ დროში მათ უნდა გამოიყენონ მაქსიმალური რესურსი და ძალიან პირდაპირ განახორციელონ ზეწოლა მთავრობაზე, რომ შანტაჟის გზით ვერ მოახერხოს ხელისუფლებამ დაგეგმილი უკანონობა. და მივმართავ არასამთავრობო სექტორს, რომელმაც გამოიჩინა მნიშვნელოვანი სოლიდარობა ამ პერიოდში და ზოგჯერ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მოვახერხეთ, ვყოფილიყავით ერთად. ზუსტად ასე გავაგრძელოთ. ხვალ ათ საათამდე გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია კონკრეტულდ მთავრობასთან მიმართებით და ხვალ დილით ყველა ერთად ვიდგეთ რუსთავი ორთან" - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე რუსთავი ორს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებენ.

კომენტარები