ქართული ოცნების დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის თქმით, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს საშუალება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტონ.
"მე გამოძიებას მივეცი ჩვენება რაც დავინახე ჩემი თვალით. კამერები არის დაფიქსირებული არის და ბუნებრივია გამოძიება აქედან გამომდინარე ღებულობს გადაწყვეტილებას.
პოზიცია, რომ თითქოს ეს შერჩევითი სამართალია, ვამბობ, რომ ეს არის უშუალოდ პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ მხარეს აქვს საშუალება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ" - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.
ამ წუთებში კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
რუსთავი 2-ის საქმე
ლორთქიფანიძე: იმ მხარეს აქვს საშუალება სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე
newpress.ge




