შინაგან საქმეთა სამინისტრო

უტიაშვილი: ე.წ ნარუშილოვკის მფლობელს ბომბი რომ გადაჰქონდეს, ვერ გააჩერებ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის თქმით, დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით (ე.წ ნარუშილოვკა) სარგებლობა შსს-ს თანამშრომლებს მხოლოდ დროებით, ოპერატიული ღონისძიების ჩატარების დროს შეუძლიათ. უტიაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, რომ საიდუმლო საბუთის მფლობელი სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით.

"ეს არის საიდუმლო საბუთი, ისიც, ვის აქვს საბუთი და როგორ გამოიყურება, საიდუმლოა. არსებობს მინისტრის სპეციალური ბრძანება, რომელიც ადგენს ამ საბუთის გამოყენების წესს, და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ოპერატიული ღონისძიების გატარების დროს. ანუ თქვენ რომც იყოთ სამინისტროს თანამშრომელი, ვერ იქნებით საბუთის მუდმივი მფლობელი. ის გადმოგეცემათ მხოლოდ ოპერაციის ჩატარების ფარგლებში. ის, რომ საბუთი შეიძლება გადაეცეს ნათესავს, ახლობელს, მეგობარ გოგონას, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ, რომ საბუთის მფლობელი სარგებლობს სრულიად განსაკუთრებული პრივილეგიებით. მაგალითად, თუ, პოლიციელი, მესაზღვრე გააჩერეებს ამ საბუთის მფლობელს, ვალდებულია, გაატაროს, რაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და რა ტვირთიც არ უნდა გადაჰქონდეს. უფლებაც კი არ აქვს, რომ სახელი და გვარი ჰკითხოს. ამ საბუთის მფლობელს ატომური ბომბი რომ გადაჰქონდეს, ვერ ჰკითხავ, რა არის" - თქვა უტიაშვილმა თეორემაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ "მინისტრი იზორიას ძმას კი არ აძლევს საბუთს, მინისტრი ამბობს, რომ გამოვუშვათ, ვთქვათ, 50 ცალი ბარათი, რომელზეც არავის სახელი და გვარი არ წერია, მარტო ნომერი წერია. მერე კი, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები წყვეტენ, თავიანთ დეპარტამენტში ვის, როდის გადასცემენ". 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავად ლევან იზორიამ მისცა თავის ძმას დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვი?", უტიაშვილი პასუხობს - "ჰო, ცხადია, აბა, სხვა ვინ მისცემდა".

ცნობისთვის, პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი ბაბუნაშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოღებულ მასალაშიჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით, ე.წ. ნარუშილოვკებით. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა პოლიციის ყოფილი უფროსი სერჟანტის გიორგი ბაბუნაშვილის მოპოვებული ვიდეომასალა გადაცემა პოსტსკრიპტუმში გაავრცელა. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ გავრცელებული მასალა მხოლოდ ნაწილია იმ მასალისა, სადაც მაღალჩინოსნების ნათესავები და მეგობრები ფიგურირებენ. ბაბუნაშვილი ვიდეომასალაში ამბობს, რომ "საპატრულო პოლიცია მოშლილი და დეორგანიზებულია".

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

ე.წ. ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. ვიდეომასალა გიორგი ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ტაიმერისა და გაზეთ ქრონიკა +-ის ჟურნალისტებს მიაწოდა და მედიაში გავრცელება სთხოვა. ყოფილი ლეიტენანტი უკვე ევროპაშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. 

კომენტარები