სოხუმის დაცემის დღე

კალაძე: ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩატეხილი ხიდის აშენება

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

საქართველოს ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ახალ თაობასთან ერთად უნდა შევძლოთ აფხაზეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა.

ეს განცხადება კალაძემ გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც სოხუმში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პატივი მიაგეს.

"ჩვენს ხალხს შორის ახალი თაობები გაიზარდა, იზრდება და ჩვენ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად იმ ჩატეხილი ხიდის აშენება, რომლებიც წლებია დანგრეულია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმ საერთო სახლის მშენებლობა, სადაც ერთად ვიცხოვრებთ და ლხინში ერთად ვიქნებით, ჭირში ერთმანეთს გვერდში დავუდგებით" - განაცხადა კალაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. 27 სექტემბერს საქართველოში ტრადიციულად ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავენ. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან.

კომენტარები