პრემიერი-პრეზიდენტის ურთიერთობა

უსუფაშვილი: ქვეყნის წარმატება - წარუმატებლობაზე პრემიერია პასუხისმგებელი

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტს საშინაო და საგარეო საკითხებში მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა ქვეყნის წარმატება - წარუმატებლობაზე პასუხისმგებლი პირველ რიგში არა სახელმწიფოს, არამედ მთავრობის მეთაურია. პრეზიდენტსა პრემიერს შორის არსებულ ურთიერთობებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე – წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით. პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის შიგნით და არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ დღეს ასე არ არის. თუ პრეზიდენტი ამას არ ეთანხმება, ვალდებული და იძულებულია, თავი შეიკავოს ზედმეტი აქტივობებისგან, რადგან მას არ შეუძლია, შეასრულოს გარეთ აღებული ვალდებულებები. მაგალითად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაგრამ თუ იმ ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას მთავრობა არ ეთანხმება, ის ხელშეკრულება ვერ შესრულდება და ქვეყანა დაზარალდება."- ამბობს დავით უსუფაშვილი.

 

კომენტარები