"ლარზე ზეწოლის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
ქადაგიძის თქმით, თუ ლარზე ზეწოლა გაგრძელდება, მთავრობა, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეამციროს. მისი შეფასებით, სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯი იქნება.
"დღეს ჩვენ მთავრობასთან ვთანხმდებით მთავარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს მილიარდი დოლარი, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს მოსახლეობას, უკვე ასახულია არსებულ გაუფასურებაში. შესაბამისად, თუ ლარზე ზეწოლა კიდევ გაგრძელდა, ეროვნული ბანკი განახორციელებს უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას, მეორე მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.
ჩვენ ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება სავალუტო ფონდის მიმოხილვის დასრულება. ვინაიდან ეს არის მწვანე შუქი სხვა დონორებისთვის და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მესიჯი ინვესტორებისთვის. იმისთვის, რომ მოსახლეობას დამძიმებული სოციალური ტვირთი შეუმსუბუქდეს, საჭიროა მათი რეალური შემოსავლების ზრდა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღდგება ის შემოდინებები, რომელიც ქვეყანას დააკლდა ბოლო წლის განმავლობაში", - განაცხადა ქადაგიძემ.





