გიგი უგულავას საქმე

აშშ-ს საელჩო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

აშშ-ს საელჩო საქართველოში
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy

საქართველოში აშშ-ის საელჩო გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ერთგულებას კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპებისადმი. ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს, როგორც კანონებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს, [სახელმწიფოსი] რომელიც იცავს კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს მისი ყველა მოქალაქის მიმართ. ხაზს ვუსვამთ, თუ რა [დიდი] მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა საქმე განხილულ იქნას სამართლიანი სასამართლოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული. ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები