თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე ჩანიშნული სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. დარბაზში არც მოსამართლე მისულა და არც პროკურორები.
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე უგულავას გათავისუფლებას ითხოვს, პროცესი დღეს, 17:00-ზე უნდა დაწყებულიყო.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.





