ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 1.55 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.4170 ლარი ღირს. ეს 2015 წლის ლარის გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელია. აქამდე, 2015 წლის განმავლობაში, ლარი ყველაზე გაუფასურებული 25 აგვისტოს იყო - 2.4161 ლარი.
კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი ოფიციალურ კურსთან შედარებით 3-8 თეთრით მეტია.
ევროსთან მიმართებით კი, დღეს ეროვნული ვალუტა 1.30 თეთრით გაუფასურდა - ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.73 ლარს შეადგენს.
მთავრობა ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის დროს ელოდა, თუმცა წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნით რჩება, 0.2%-ით შემცირდა. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.
ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.





