ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.3 თეთრით, ევროსთან კი 3.6 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა. მომავალი სავალუტო აუქციონის შედეგების გამოცხადებამდე, ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.3271 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 3.59 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.6 ლარი ეღირება. რეგიონის ქვეყნებიდან დღესვე ყაზახეთის ეროვნული ვალუტაც ტენგეც გაუფასურდა, ტენგეს გაუფასურებამ ერთ დღეში 23% შეადგინა. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. 

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს.  

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები