მცოცავი ოკუპაცია

ტუსკი: ნათელია, რომ სადემარკაციო ნიშნების აღმართვა პროვოკაციაა

დონალდ ტუსკი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვა არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ტუსკი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

"ვთვლი, რომ ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე არის ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ნათელია, რომ ეს პროვოკაციაა. ეს არ ემსახურება ნდობის აღდგენასა და ძალისხმევას იმისთვის, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია და გრძელვადიანად გადაიჭრას კონფლიქტი. ხვალ მე ვიქნები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე, რომ თავად ვნახო იქ არსებული სიტუაცია.

ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ძალიან მკაფიოა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ეს ხელშეკრულებები უკანონოა.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ევროკავშირი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მოვლენათა ახალი განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემებთან", - თქვა ტუსკმა.

კომენტარები