მცოცავი ოკუპაცია

NGO-ები ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ

radiotavisupleba.ge

დღეს 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის სახელზე ერთობლივი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველომ ფუნდამენტურად უნდა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიას. არასამთავრობოების რეკომენდაციით კარასიძე-აბაშიძის მოლაპარაკებები უნდა გადაიდოს და ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდა მოხდეს.

"2015 წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან და წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საოკუპაციო ხაზი, რაც ძალზედ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს ქმედება არის რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება, რომლის ფარგლებში სულ მცირე ხნის წინ გაფორმდა ე.წ. ინტეგრაციის და პარტნიორობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შიშის ჩანერგვა. ამჯერად საფრთხე მიადგა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაქო-სუფსა-ს მილსადენი. უახლოეს მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას ელექტროგადამცემ ხაზს ქართლი-2 და, რაც მთავარია, საქართველოს ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს.

მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც, ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი. ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მონაწილეობით.

არასამთავრობოების შეფასებით ამ ვითარებაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის გადაება და ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდა მოხდეს. არასამთავრობოების რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება:

 

  • რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიის ფუნდამენტურად გადახედვა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
  • კარასინი-აბაშიძის შეხვედრის გადადება და ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე სხდომის მოწვევა. თუ მსგავსი ინციდენტები "ნორმალურ” პრაქტიკად ჩაითვალა, რომელზეც რეაგირება არ ხდება, უნდა ველოდოთ მომავალში მათ კიდევ გამეორებას.
  • მსგავს კრიზისებზე რეაგირების ქმედითი გეგმის და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება.
  • შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხრიდან აქტივობის ინტენსიფიკაცია (მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით) ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მსგავსი პროვოკაციების დროულად აღსაკვეთად და თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით საჭიროა, მაგისტრალური გზის გასწვრივ გაძლიერებული მონიტორინგი, მომავალში სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით.
  • ყველაზე მაღალ დონეზე (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი) დემარშების განხორციელება ჩვენს ძირითად პარტნიორებთან (აშშ, ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოები) საფრთხეების შესახებ მათი კურსში ჩაყენების მიზნით. ამგვარი სპონტანური მაღალი დონის კომუნიკაცია არაერთხელ გამხდარა მომავალში ესკალაციის ხელისშემშლელი ფაქტორი.
  • საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით უმაღლესი დონის დელეგაციების ჩამოყვანა ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისგან, და დიპლომატიური კორპუსის მუდმივი ინფორმირების გაგრძელება.
  • გაეროს უშიშროების საბჭოს და ეუთოს მუდმივი საბჭოების მოწვევის მცდელობა და პრობლემის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შესახებ სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება და მაღალი დონის შეხვედრის / კონფერენციის მოწვევა ამ თემასთან დაკავშირებით.
  • ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საჩივარის შეტანა იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც დაზარალდნენ მავთულხლართების გავლების გამო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან (მაგალითად, უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში), რომლის დროს განხილული იქნება საქართველოს წინაშე დღეს მდგომი უსაფრთხოების გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით."- ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში. 

კომენტარები