მცოცავი ოკუპაცია

კალაძე: რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად ახალი ფორმატი უნდა შეიქმნას

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის მოსაზრებით, რუსეთთან პოლიტიკური მიმართულებით სიტუაციის დასარეგულირებლად ახალი ფორმატი უნდა შეიქმნას. მისი თქმით, გუნდში ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად იქნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

"პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან გვაქვს მძიმე მდგომარეობა, დიპლომატიური ურთიერთობებიც კი გაწყვეტილია რუსეთ-საქართველოს შორის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შეიძლება, არ გამოგვადგეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოვიფიქროთ სხვა რაიმე ფორმატი იმისთვის, რომ პოლიტიკური მიმართულებით ურთიერთობების დალაგება მოვახერხოთ.

ახალი ფორმატის შექმნაზე იქნება საუბარი გუნდში აუცილებლად. ძალიან მძიმეა ის, რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. აშკარაა ეს. იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და სიტუაცია დავარეგულიროთ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ახალი ფორმატის შექმნა", - თქვა კალაძემ.

ორი დღის წინ კი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განახლდა. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში "საზღვრის" აღმნიშვნელი ახალი ბანერები გამოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსას მილსადენის ნაწილი, რომლის ოპერირებასაც BP ეწევა.

საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა.

კომენტარები