ლარის გაუფასურება

გიორგი კვირიკაშვილი ლარზე: ბუნებრივია, დასტაბილურებულია

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის ეროვნული ვალუტა დასტაბილურებულია. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ლარის დასტაბილურებას სწორედ ზაფხულის თვეებში ტურისტული სეზონის შემოსვლის შემდეგ პროგნოზირებდნენ. 

"ბუნებრივია, დასტაბილურებულია, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.38-მდე იყო ასული და დღეს დოლარი არის 2.24-2.25. ეს არის ის დონე, რითიც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დღეს არის გაუფასურებული ვალუტები დოლართან მიმართებით. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად უფრო მყარ ვალუტას ვერ შევქმნით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსი არის ასახული იმ კურსში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლარის გაუფასურება საქართველოს საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია. საგადამხდელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების საბალანსო დოკუმენტია. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროებს წარმოადგენს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გრანტები და კრედიტები. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას კი იმპორტი და საგარეო ვალის მომსახურება იწვევს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 25%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

 

კომენტარები