მთავარი პროკურატურის განცხადებით, "ინფორმაცია, თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ". პროკურატურა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეულობა არ გამოკვეთილა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოძიება შეწყდა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.
ცნობისთვის, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გიგი უგულავას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს ავტოავარიის საქმის "დაფარვის" სანაცვლოდ, ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ. იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა, დაადასტურა, რომ 22 იანვრის ავტოავარიაში მონაწილე ექვსი მანქანიდან ერთი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს ეკუთვნოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა სასამართლოზე კონტროლის მექანიზმი.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ აღიარა, რომ გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე შერჩეული მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე თავად ყოფილა სამართლებრივი პრობლემების წინაშე. საქმე ეხება ავტოავარიას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ საქმის მეშვეობით ხდება ზეწოლა მოსამართლეზე და ჩვენ სახეზე გვაქვს შედეგი, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა დრო, წარმოადგინოს თავისი მტკიცებულებები და დაკითხოს თავის მოწმეები. ხოლო პროკურატურას მიეცა რამდენიმე თვე, რომ გააკეთოს იგივე. ანუ დარღვეულია სამართლიანი მართლმსაჯულების პინციპი და ეს ხდება სწორედ ამ პოლიტიკური ზეწოლის სახით, ზეწოლის ბერკეტად კი, გამოყენებულია ეს შემთხვევა, რომელშიც მოსამართლეა გახვეული. ივანიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა სასამართლოზე კონტროლის მექანიზმი და სახეზეა იმ სისტემაში დაბრუნება, როდესაც სასამართლომ უნდა შეასრულოს ნებისმიერი პოლიტიკური დაკვეთა და, ამავე დროს, ხელისუფლება თვალს ხუჭავს კორუფციაზე, რომელიც დაბრუნდა სასამართლოში სრული მასშტაბით", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ "როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, ასევე ყველა სხვა პოლიტიკურ საქმეზე სახეზეა მოსამართლეებით მანიპულაცია, მოსამართლეებზე ზეწოლა და მათ წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენება, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ივანიშვილისთვის სასარგებლო შედეგები".





