ფულადი გზავნილები

საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ფულადი გზავნილები 18%-ით შემცირდა

REUTERS

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. საბერძნეთში სხვადასხვა მონაცემებით 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ისინი საკუთარი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან. საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ვითარება და მაღალი უმუშევრობა ამ ქვეყნის ფულად გზავნილებზეც აისახა.

2014 წლის იანვარ-მაისში საბერძნეთიდან საქართველოში სულ $84 მილიონი გადმოიგზავნა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა და $68 მილიონი შეადგინა. საბერძნეთის უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი მონაცემებით 26%-ს შეადგენს. რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩევბელელია.

2014 წელს იანვარ-მაისში უცხოეთიდან საქართველოში $570 მილიონი გადმოიგზავნა, წელს გაუარსესებული საგარეო ფაქტორების გამო ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადი 23%-ით შემცირდა და ის $438 მილიონს შეადგენს. 

ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის მაისში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 38% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ამ ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

კომენტარები