შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა FB ჯგუფის გაუქმებაზე გამოძიება დაიწყო. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
მოხალისეთა 20 000-წევრიანი ჯგუფი სახელწოდებით - "13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება" Facebook-ზე ამ დროისთვის გაუქმებულია. მოხალისე ნიკა დავითაშვილის თქმით, ჯგუფის გაუქმების მიზეზი ამ დრომდე არ იციან და მის აღდგენას Facebook-ის ადმინისტრაციასთან კავშირის გზით ცდილობენ. დავითაშვილის ინფორმაციითვე, გაუქმებულია ჯგუფის სხვა ადმინისტრატორების ანგარიშებიც.
"ჩვენ შევეცდებით, ჯგუფი აღდგეს იმ ფორმით, როგორიც იყო", - ამბობს დავითაშვილი.
13-14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეები - ძირითადად, ახალგაზრდების თვითორგანიზებული ჯგუფები. მოხალისეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეპიდემიის გავრცელების და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის საფრთხის გამო, გუშინ სამუშაოებს შეწყვეტდნენ. თუმცა Facebook-ჯგუფის გაუქმების გამო, მოხალისეთა ნაწილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და სტიქიის ზონებში მივიდნენ. როგორც ისინი ტაბულასთან საუბარში ამბობენ, მოხალისეებს პირბადეების, სასმელი წყლისა და საჭმლის ნაკლებობა აქვთ.





