ე.წ. კაბელების საქმე

სასამართლო კაბელების საქმეზე: ინფორმაცია ქრთამის აღებაზე, ცილისწამებაა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლესა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ ქრთამის აღების თაობაზე ინფორმაციას "ცილისმწამებლურ კამპანიას" უწოდებს. სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ე.წ "კაბელების საქმის" განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას. სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, მოსამართლესა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ ქრთამის აღების თაობაზე. ასევე, მიუთითებენ სასამართლოს მხრიდან წინასასამართლო ეტაპის განზრახ გაჭიანურების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია და ჯერ ისევ წინასასამართლო განხილვის ეტაპზეა, შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ არ დამდგარა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მხარეების, საზოგადოების წევრების, საქმის მიმდინარეობით დაინტერესებული სხვა პირების და პოლიტიკოსების მხრიდან მედიასაშუალებებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო და ცილისმწამებლური განცხადებების ავტორებს მოუწოდებს, მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას სიფრთხილით მოეკიდონ, ასევე, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და ზემოხსენებული ფაქტების შესახებ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის ორგანოებს.

 

კომენტარები