ფულადი გზავნილები

მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 67 მილიონი ლარით შემცირდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 227 მილიონი ლარი ($97 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22.7%-ით ანუ 67 მილიონით ($28.7 მილიონი დოლარი) ნაკლებია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის მაისში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 38% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ამ ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით მაისში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

1) რუსეთი $37.6 მილიონი

2) საბერძნეთი $15.3 მილიონი

3) იტალია $9.6 მილიონი

4) აშშ $8.5 მილიონი

5) თურქეთი $6.3 მილიონი

ფულადი გზავნილები ექსპორტთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ტურიზმთან ერთად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. იმის გამო, რომ 2015 წელს ფულადი გზავნილებიც, ინვესტიციებიც და ექსპორტიც კლებულობს, ტურიზმის ზრდა კი მინიმალურია, ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის სათანადო წინაპირობა არ იქმნება. 

წინა წლის მაისთან შედარებით წელს საქართველოდან უცხოეთში $1.2 მილიონით ნაკლები გადაიგზავნა. სულ მაისში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $13.3 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები