სტიქია თბილისში

თბილისის ზოოპარკი: ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო

Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ბინადართა 50%-ზე მეტი დაიხრჩო. სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. ადმინისტრაციის განცხადებით, სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება. 

"წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი. ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია. თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა. სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ აღმოგვიჩენია. ამჟამად ზოოპარკში იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ტერიტორიის გასაწმენდად" - აცხადებს თბილისის ზოოპარკი.

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მდინარე ვერე ადიდდა და ხეობა დატბორა. წყალი ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა და მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. სტიქიამ ზოოპარკის სამი თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა კი, ვოლიერებიდან გამოსვლა მოახერხა.

"ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა, მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა" - აცხადებს თბილისის ზოოპარკი.

კომენტარები