სტიქია თბილისში

დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

თანხის კონკრეტულ ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, აბაშიშვილის თქმით, ეს თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ დაღუპულ ოჯახებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საუბარი ეხება მათ დაბინავებას, განთავსებას და პირველად საჭიროებებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

გუშინ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები