მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი მოხსნა. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისაუბრა.
"ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. ამის შემდეგ ყველა მტკიცებულების განხილვა მოხდა სასამართლოზე დახურულ სხდომაზე საიდუმლო რეჟიმში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა ასევე დახურულ სხდომაზე, ვინაიდან იგი შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. სწორედ ამის გამო დაიშტრიხა განჩინების გარკვეული ნაწილი და ამ ფორმით გადაეცა ადვოკატებს. მოგეხსენებათ, მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ აღნიშნული საჩივარი, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ძალიან კარგად არის ცნობილი ადვოკატებისთვის", - თქვა წიკლაურმა.
ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს საიდუმლო გრიფი დაადო, გუშინ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. აღნიშნული პროკურატურამ გაასაჩივრა. დაცვის მხარე მოითხოვდა, საჩივრისთვის გრიფი მოეხსნათ, რადგან, ადვოკატის მოსაზრებით, ეს იყო პროკურატურის მანიპულაცია და იარაღი, დაეფარა უკანონობა.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.





