ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ბოკერია: არ უნდა დავუშვათ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამარცხება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ებრძვის. ბოკერიამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა, მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად შეაფასა.

"ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ვერ/არ ებრძვის კრიმინალს, ხელს აფარებს ორგანიზებულ დანაშაულს, რომელმაც ჩააგდო მთლიანად ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, დღეს ხელს იშვერს ჩვენივე მოქალაქეებისკენ და ებრძვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, რომელიც საკვანძო ინსტიტუტია იმისთვის, რომ ხალხი მონაწილეობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაში და იყოს რეალური შეჯიბრებითობა სასამართლოში. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენი მომავლის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დავუშვათ ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დამარცხება ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ბრალია, ჩვენი ხელისუფლების, რომ უფრო სწრაფად არ დავნერგეთ ეს ინსტიტუტი, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლას და ეს საქმე, კერძოდ, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, არის მაგალითი იმის, როგორი ჩავარდნილია ჩვენი ხელისუფლება, როცა საქმე ეხება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და ახლა კი ცდილობს, ეს გადააბრალოს ნაფიც მსაჯულებს", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, მათ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება.

კომენტარები