საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსი

ISET: საქართველოს ბიზნესის ნდობის ინდექსი რეკორდულად დაეცა

საქართველოს ბიზნესის ნდობის ინდექსი სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეშვა, - ამის შესახებ ISET-ის კვლევაშია ნათქვამი.

ISET-ის კვლევის მიხედვით, 2014 წლის უდიდეს ნაწილში და 2015 წლის პირველ კვარტალში მუდმივი ოპტიმიზმის შემდეგ, საქართველოს ბიზნესნდობა 24.5 პუნქტით დაეცა. შკალაზე -100; 100 საქართველოს 3.6 ქულა აქვს, რაც მისთვის ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კვლევის მიხედვით, რომელშიც 168 კომპანია მონაწილეობდა, საქართველოში ბიზნესის ნდობა ყველა მაჩვენებლით შემცირდა, ეს შეეხო ყველა სექტორსა და ყველა ზომის ბიზნესს.

"მეტიც, ის აისახა ბიზნესის აღქმაზეც, რომელიც როგორც მიმდინარე საქმიანობასა და მოლოდინს, ასევე მომავალს ეხება", - ნათქვამია განცხადებაში.

ISET-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის ნდობის მკვეთრი დაცემა დაკავშირებულია ლარის გაუფასურებასთან და პოლიტიკურ დავასთან, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოჰყვა. ბიზნესის ნდობის შემცირება ქართველი მომხმარებლის ნდობის მუდმივ, შვიდთვიან ვარდნას მოჰყვა, რომელმაც მომხმარებლის მოთხოვნასა და მიწოდებაზე გავლენა იქონია.

ISET-ის კვლევის მიხედვით, საცალო გაყიდვის სექტორი პირველი იყო, რომელმაც მოთხოვნის მკვეთრი დაცემა იგრძნო და მეორე კვარტლის მონაცემებით, ფინანსურ სექტორშიც პრობლემები იქნება.

"მეორე კვარტალის მონაცემებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ფინანსურ სექტორშიც პრობლემები იქნება. ფინანსური სექტორის ნდობა 50.8 პუნქტით დაეცა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. 2015 წლის პირველ კვარტალში ფინანსური სექტორის ნდობის მაჩვენებელი 50.9 პუნქტი იყო, მეორე კვარტლის მონაცემებით კი, საქართველოს 0.1 ქულა აქვს", - ნათქვამია ISET-ის განცხადებაში.

კომენტარები