ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ფოფხაძე: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტთან დაკავშირებით თვლის, რომ მსგავსი მართლმსაჯულება ძალიან შორს არის ობიექტურობისგან.

"მსგავსი მართლმსაჯულება ძალიან შორს არის ობიექტურობისგან. ეს არის დაფუძნებული ემოციებსა და გრძნობებზე - ამიტომ მომხრე ვიყავი, რომ შეზღუდულიყო სივრცე ნაფიცი მსაჯულების განსჯადობის. დღესაც მიმაჩნია, რომ, თუ სახელმწიფო მივა იმ დასკვნამდე, რომ ნაფიც მსაჯულებს არ დააკისრებს ასეთ მძიმე პასუხისმგებლობას, ეს იქნება სწორი", - თქვა ფოფხაძემ.

დღეს საქართველოს პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. მისი თქმით, მიუღებელია, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და, რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია, ძალიან მალე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს, 12:00-ზე ჩანიშნა. საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობაც ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, ბრალდებულმა შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

კომენტარები