საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI: გამოსახლების შესახებ ახალი კანონპროექტი ეკონომიკას დააზიანებს

უკანონო მფლობელების გამოსახლების შესახებ ახალი კანონპროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე და კონკრეტული სექტორების განვითარებაზე, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაშია ნათქვამი.

TI პარლამენტარ პაატა კიკნაველიძის კანონპროექტს წერილით ეხმაურება, სადაც წერია, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეუძლია პოლიციას მიმართოს. შემოთავაზებული ცვლილებით უქმდება უძრავი ნივთების უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების გამოსახლების შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებასთან. კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. ვფიქრობთ, რომ ეს თავის მხრივ იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე, და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები