საქართველოს ეკონომიკა

პრემიერი: უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით 2,5 წელიწადში უკეთესი შედეგი გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის კუთხით 2,5 წელიწადში ჩვენ მივიღეთ იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ეს იყო განვლილი 7 წლის განმავლობაში". მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 13 500 000 შეადგინა.

"ეს საკმაოდ ძლიერი სიგნალია. ჩვენ ვხედავთ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ პოზიტივს. ვფიქრობ, ამას კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი მთავრობამ. ვიცი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ევროპაში, ჩინეთში აქტიური კამპანია და ეს უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცეპრემიერს, ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ინფორმაციის წარდგენა სთხოვა. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს შესახებ სპეციალური სარეკლამო კამპანია ცხრა მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, "დღეს უკვე თვალითაც იგრძნობა, რომ ძალიან არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა". მისი ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში იგეგმება კულტურის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული სპეციალური პროგრამის ამოქმედება.

"დღეს უკვე, ეს, რა თქმა უნდა, თვალითაც იგრძნობა... ალბათ ყველა, ვისაც თბილისში, განსაკუთრებით ძველ უბნებში უწევს გასვლა, პირდაპირ ხედავს, რომ ძალიან არის გაზრდილი [უცხოელ] ვიზიტორთა რაოდენობა. ზაფხულის განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომელიც კულტურის სამინისტროსთან ერთად იქნა შემუშავებული, რომელიც სპეციალური კონცერტების და სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, რაც, თავის მხრივ, კიდევ გამოიღებს შედეგს და ეს ზაფხულის სეზონი ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული უნდა იყოს. რაც შეეხება შემდეგ უკვე ზამთრის სეზონს, ზამთრის სეზონისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით და ზაფხულის მიწურულს უკვე დავიწყებთ ასევე სპეციალურ კამპანიას, იმისათვის, რომ ზამთრის სეზონი იყოს წარმატებული. ეს ეხება როგორც საინფორმაციო კამპანიას, ასევე ზამთრის კურორტების სპეციალურ მომზადებას" - თქვა კვირიკაშვილმა.

საქართველოში იანვარ-მაისის პერიოდში სულ 1.83 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მხოლოდ 2%-ით აღემატება. 2014 წელს იანვარ-მაისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდის ტემპი 5% იყო, წელს კი ვიზიტორთა რაოდენობა 2.5-ჯერ უფრო დაბალი ტემპით, 2%-ით გაიზარდა. 

ტურიზმის ზრდის ტემპის კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზს საქართველოს მეზობელ და რეგიონის ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური ვითარება წარმოადგენს, რის გამოც, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დასვენებაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ.

მეორე ძირითად მიზეზს საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის იანვარ-მაისში 19 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, წელს კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 4 ათასს შეადგენს. 

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორსა და ტრანსპორტის სექტორზე აისახება. მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას ტურისტული სეზონის დაწყების დროს ვარაუდობს, თუმცა, თუკი ზაფხულის სეზონზე ტურიზმი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, ლარის გამყარებისთვის სათანადო წინაპირობა ვერ შეიქმნება. 

კომენტარები