ბლატერის საქმე

FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტით შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს

ზეფ ბლატერი
The Guardian

ინტერპოლმა FIFA-ს ექვს მაღალჩინოსანზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მათ ბრალად კორუფცია, გამოძალვა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება ედებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტის ზეფ ბლატერის საქმიანობის გამოძიებას აპირებენ. ცნობა ამის შესახებ ამერიკულ მედიაში გავრცელდა. ბლატერი, რომელიც ორგანიზაციის პრეზიდენტად მეხუთედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს, გუშინ გადადგა.

მანამდე, ბლატერის ხელახალ არჩევამდე შვეიცარიაში FIFA-ს რვა მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებით დააკავეს. სულ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი FIFA-ს 14 წარმომადგენელს წაუყენა, თუმცა, ბლატერი მათ შორის არ ყოფილა.

The New York Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გამომძიებლებს დაკავებულთა თანამშრომლობის იმედი აქვთ, რაც ბლატერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საშუალებას მისცემთ.

კომენტარები