საქართველოს პარლამენტი

6 წლამდე ბავშვების სკოლაში შესვლაზე კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

ბავშვები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე არ შეუსრულდებათ 6 წელი, სკოლაში ვერ წავლენ. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის კობა სუბელიანის ინიციატივას, რომელიც დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს აძლევდა სწავლის დაწყების უფლებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა, მეორე და მესამე მოსმენაზე, უმრავლესობის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

უმრავლესობა აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სკოლამდელ განათლებას უზრუნველყოფს. ამ პროგრამის ამუშავებას ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს.

"სამწუხაროდ, უმრავლესობის წევრებმა არ შეისმინეს იმ მრავალი ოჯახისა და ბავშვების თხოვნა, რომ რამდენიმე დღის და თვის გამო მათ არ აეკრძალოთ წელს სკოლაში შესვლა. ეს არ იყო პოლიტიკური საკითხი, მისი განხილვა არ იყო პოლიტიზირებული. ჩვენი მიზანი იყო, დაგვეცვა იმ ოჯახების და ბავშვების ინტერესები, რომლებიც წელს მოუთმენლად ელოდებოდნენ სკოლაში შესვლას", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით კი, "მშობლების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როცა საუბრობენ, რომ ეს ბავშვები რჩებიან თურმე ქუჩაში, მაშინ როდესაც წინასასწავლო სისტემა არის ამუშავებული, ფინანსები და ინტელექტუალური რესურსი მობილიზებულია, პროგრამები გაკეთებულია, საკლასო ოთახებიც არის გაკეთებული, ასე რომ, ბავშვებს ქუჩაში ყოფნა არ ემუქრებათ. როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ეს საკითხი გადაწყვეტილია".

კომენტარები