რიგის სამიტი

რინკევიჩი: რიგაში არ მოხდება ვიზალიბერალიზაცია

ედგარს რინკევიჩი
ევროკავშირი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია მაშინ მოხდება, როდესაც საქართველო და უკრაინა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ამის შესახებ მან რიგაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე ისაუბრა.

"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ რიგაში არ მოხდება ვიზალიბერალიზაციაზე ხელმოწერა. ისევე, როგორც არ მომხდარა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვილნიუსში - მოგვიანებით მოეწერა. როგორც კი უკრაინა და საქართველო ჩვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, როგორც კი კომისია ნახავს პროგრესს, მაშინ მიიღებენ ვიზალიბერალიზაციას", - თქვა რინკევიჩმა.

რინკევიჩი დაეთანხმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დღევანდელ განცხადებას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტი.

"აღმოსავლეთ პარტნიორობას ჰყავს 6 ქვეყანა, განსხვავებული დონის ამბიციებით. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნობა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხარ. წევრობის პერსპექტივა და პროცესი არის აბსოლუტურად განსხვავებული ინსტრუმენტი, რაც განსხვავებული წესებით ოპერირებს", - თქვა რინკევიჩმა კონფერენციაზე.

რინკევიჩს კონფერენციაზე ჰკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

"მწამს, რომ ახლა ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი, გაატაროთ რეფორმები - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, მართლმსაჯულების - ეს ძალიან რთული იქნება. აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა; აჩვენეთ, რომ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს.

რიგის სამიტზე უნდა აჩვენოთ სიმტკიცე. არსად წერია დეკლარაციაში, რომ ევროკავშირის წევრობის შანსს გართმევენ, მაგრამ ძალიან გრძელი გზაა, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი. ძალიან გრძელი გზაა, რომ იმუშაოთ ევროკავშირს შიგნით. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ მოთმინება, არამედ მუშაობა, ძალიან აქტიური დამტკიცება თქვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენნაირები ხართ. თქვენი პასუხი უნდა იყოს - დიახ, ვართ", - თქვა რინკევიჩმა.



კომენტარები