სამთავრობო ცვლილებები

ცქიტიშვილი: მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. მისი განმარტებით, მთავრობა პრეზიდენტისგან პარლამენტისთვის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობის წარდგენას ელოდება, რომელიც უკვე გადაუგზავნეს. 

"გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის განახლებული შემადგენლობა არ შეიცვლება. ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ ცვლილებებს. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა 1-ელ მაისსაც, როდესაც ჩვენ შემადგენლობა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მას შემდეგაც იყო ამ თემაზე კომენტარები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები მაინც ჩნდება, საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა განმარტება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან განახლებული შემადგენლობის გადაგზავნას პარლამენტში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავრობის განახლებული შემადგენლობა 1-ელ მაისს წარუდგინა. აღნიშნული სიის მიხედვით, იცვლება სამი მინისტრი - გარემოს დაცვის მინისტრად პრემიერმა გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თავდაცვის მინისტრად - თინა ხიდაშელის, ხოლო სპორტის მინისტრად - ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

კომენტარები