იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატები არ შეიცვლებიან და პრეზიდენტს ის სია ექნება 7 დღის შემდეგ, რაც ახლა აქვს.
"როდესაც პრეზიდენტი 7 დღის მერე პარლამენტში გადაგზავნის სიას, რომელიც არ შეიცვლება, ამის მერე პარლამენტი იტყვის უკვე, უცხადებს თუ არა ნდობას მთავრობას, მაგრამ ჩვენ ეს ნდობა ამ წუთში გვაქვს, ვაგრძელებთ მუშაობას, უბრალოდ, პრემიერმინისტრს სჭირდებოდა, დარწმუნებულიყო, რომ ის ვიზიტები, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს დაგეგმილი მომავალ კვირაში, ნამდვილად ჩატარდება. რა სიაც უდევს მაგიდაზე, ის სია ედება 7 დღის მერეც და 7 დღის მერე გადაგზავნის პარლამენტში. მანამდე მთავრობა გააგრძელებს მუშაობას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული მაისის თვეა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - თქვა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.




