სამთავრობო ცვლილებები

15:00-ზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს

ტაბულა

დღეს, 15.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგის თემა სავარაუდოდ სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა და მთავრობისთვის პარლამენტის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი იქნება.

ლევან ყიფიანმა გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ის მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. შესაბამისად, მთავრობას პარლამენტისგან ნდობის ხელახალი გამოცხადება დასჭირდება. მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები