პრემიერმინისტრის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

ღარიბაშვილი: სასამართლო უნდა გახდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველად შეხვდა. განხილვის მთავარი თემები სასამართლოსთვის დაფინანსების გაზრდა და სასამართლოს რეფორმის მესამე ეტაპის მიმდინარეობა იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიმართვა პრემიერისათვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სასამართლოს გამჭვირვალობას, სასამართლოს შენობის გაფართოებას, განსაკუთრებით აქცენტები გაკეთდა პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, სასამართლოს ხელმისწვდომობის საკითხები, მოსამართლეთა გადატვირთულობა დარბაზების სიმცირე და ა.შ. დაისახა რიგი პერსპექტივები, რაც მომავალ შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფებში იქნება დაკონკრეტებული''-, თქვა ნინო გვენეტაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სასამართლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა და ის დარწმუნებულია, რომ გვენეტაძე ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

''ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს მოსამართლეების ხელფასები გავზარდეთ. ჩვენ უზრუნველვყავით მათი ფინანსური სტაბილურობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი იგრძნონ დაცულად. ვისაუბრეთ ხარვეზებზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი ამ სისტემაში. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ქალბატონი ნინო თავის გუნდთან ერთად შეძლებს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაჩნდეს რეალურად და გახდეს სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე. დანარჩენ საკითხებში ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას, მე შევპირდი ქალბატონ ნინოს, რომ მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას ფინანსურ საკითხებში'',- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები